ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ელჩე" გაანადგურა, ანგარიშით 4:0.
სტუმრად გამართულ მატჩში დუბლი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ფერან ტორესისა და ანსუ ფატის ანგარიშზე გახლდათ.
მატჩისშემდგომ კომენტარში ჩავი ერნანდესმა სწორედ ესპანელი ფორვარდები გამოარჩია.
"ფერანმა და ანსუმ თამაშში განსხვავება შექმნეს. მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თავდაჯერება სჭირდებოდათ. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მეტ გოლს გაიტანენ.
ანსუს ეს გოლი სჭირდებოდა. ფორვარდებს სახე ეცვლებათ, როცა გოლი გააქვთ. მატჩის ბოლოსკენ ის ძალიან დაღლილი იყო, რადგან დაცვაში ბევრი იმუშავა. გოლი ანსუს შრომისმოყვარეობისა და ინდივიდუალური ტალანტის დამსახურებაა.
მოხარული ვარ იმ ფეხბურთელების გამო, რომლებსაც ბევრი თამაში არ უწევთ და შანსი დღეს მიეცათ. იმავეს ვიტყოდი ახალგაზრდებზე," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლა ლიგას ახლა 15-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. მომდევნო მატჩი გუნდს კოპა დელ რეის ნახევარფინალში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ელოდება.