როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგამ პაბლო გავის ახალი კონტრაქტის რეგისტრაცია რამდენიმე კვირის წინ გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულება ისევ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
მიუხედავად ამ გაუთვალისწინებელი პრობლემისა, გავი ლა ლიგაში თამაშს ჩვეულებრივად აგრძელებს. "ელჩეს" წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში მან საგოლე გადაცემაც მიითვალა.
COPE-ს ინფორმაციით, "ელჩეში" სურთ, რომ "ბარსას" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წესების 141-ე მუხლის დარღვევის გამო უჩივლონ. ამ წესის თანახმად, ფეხბურთელს, რომლის რეგისტრაცია გაუქმებულ იქნება, ლა ლიგის მატჩში მონაწილეობის უფლება არ აქვს. თუ პრიმერას ბოლოადგილოსანი კლუბის პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გუშინდელი გამარჯვების მათთვის ჩათვლასაც უნდა ველოდოთ.
მიუხედავად მასპინძელთა გეგმებისა, "ბლაუგრანაში" სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სიმშვიდის მიზეზი ისაა, რომ მათ როგორც ლა ლიგასთან, ასევე ფედერაციასთან გაიარეს წინასწარი კონსულტაცია. მათგან კლუბმა მკაფიოდ მიიღო თანხმობა 18 წლის ვარსკვლავის თამაშზე.
პაბლო და "ბარსელონა" ძველ კონტრაქტს დაუბრუნდნენ; მოთამაშე მოედანზე ისევ 30-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა, რაც "ელჩეს" პრეტენზიებს საფუძველს აცვლის.
შეგახსენებთ, რომ პრიმერას მიმდინარე სეზონში გავიმ 26 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც მიითვალა.