უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების შანსები. არგენტინელის კვლავ "ბლაუგრანაში" გადაბარგების ალბათობაზე წერენ უკვე ისეთი წყაროებიც, რომლებიც მოვლენათა განვითარებას ამ სცენარს კატეგორიულად გამორიცხავდნენ.
ბუნებრივია, პრესაში გავრცელებულ ცნობებს ეცნობიან "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობის წევრებიც.
Relevo-ს ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ატეხილი აჟიოტაჟი "ბარსას" ფეხბურთელთა შორის დიდ მღელვარებას იწვევს.
არა მხოლოდ ვეტერანები, არამედ ახალგაზრდები და ისეთი ლიდერებიც კი, როგორებიც მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და რობერტ ლევანდოვსკი არიან, ლეოს დაბრუნებასთან დაკავშირებულ ცნობებს აქტიურად ადევნებენ თვალს.
გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მთელი "ბარსელონა" ახლა მოლოდინის რეჟიმშია.
ცნობისთვის, "ლა პულგას" "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი პირველ ივლისს ეწურება. მიმდინარე სეზონში ის პარიზელებს 18 გოლითა და 17 ასისტით დაეხმარა.