"ბარსელონამ" ლა ლიგის 29-ე ტურში "ჟირონასთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" კატალონიური გუნდის წინააღმდეგობის გატეხვა ვერ მოახერხეს და "კამპ ნოუზე" შეკრებილ 80 ათასზე მეტ ქომაგს ერთი გოლიც კი ვერ აჩვენეს.
ფრედ დასრულებული შეხვედრა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა შეაფასა.
"სახლში ნათამაშები ფრე ბედნიერს ვერ გამყოფებს, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტური რჩება, "რეალთან" სხვაობა კი 13 ქულაა. ჩვენ სულს ჩავდებთ იმაში, რომ ეს სხვაობა შენარჩუნდეს.
ვხედავ, ხალხი ძალიან აჟიტირებულია მესის შესაძლო დაბრუნებით. ლეოს გვარის სკანდირება ზედიზედ მეორე მატჩში ვნახეთ. ახლა ლა ლიგის მოგებაზე ვართ ფოკუსირებული. ამის შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.
დღეს დილით სატელევიზიო პროგრამას ვუყურებდი. ისინი ამბობდნენ, რომ ლა ლიგა იაფფასიანია. ეს მაბრაზებს. კლუბი ამ ტიტულის მოგებას ცდილობს და მსგავსი რამის მოსმენა არ მსიამოვნებს.
ერთადერთი, რაც მადარდებს, ლა ლიგის ჩემპიონობაა, ჩვენ კი ძალიან კარგ პოზიციაში ვართ.
ფრენკი და პედრი მატჩებში ყოველთვის საუკეთესო ვარიანტს ირჩევენ პასის გასაცემად. ისინი რაღაც არაორდინალურს აკეთებენ, რათა თამაში გააუმჯობესონ. ასეთი რამ მსოფლიოში ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია. მიუხედავად ამისა, თავის გასამართლებელი მიზეზი არ გვაქვს. დღეს უნდა მოგვეგო," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "ბარსელონას" "ხეტაფეს" წინააღმდეგ ელოდება. შეხვედრა 16 აპრილს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.