"ბარსელონას" რაფინიასა და ფერან ტორესის გაყიდვას ანსუ ფატის გაყიდვა ურჩევნია, - წერს SPORT.
20 წლის თავდამსხმელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალგაზრდული სისტემის პროდუქტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ანსუმანეს გასხვისება ფინანსური ფეარ-პლეის კუთხით გაცილებით დიდი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე სხვა გარემარბებისა.
ფერანში "ბარსამ" "მანჩესტერ სიტის" 55 მილიონი ევრო ჩაუთვალა, ხოლო "ლიდსმა" რაფინიას სანაცვლოდ 58 მილიონი ევრო მიიღო. მიზერულია იმის შანსი, რომ "ბლაუგრანამ" რომელიმე მათგანი ხსენებულ თანხებზე მეტად გაასხვისოს.
აქედან გამომდინარე, თუ კლუბს რომელიმე შემტევის გასხვისება დასჭირდება, ფატის კანდიდატურა ყველაზე ხელსაყრელია.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესის დაბრუნება "ბარსელონას" რომელიმე გარემარბისთვის ჩემოდნების ჩალაგების სიგნალის მიმცემი იქნება.