"ბარსელონადან" "მილანში" განათხოვრებული სერჟინიო დესტი მოედანზე უკვე ლამის 3 თვეა არ გასულა, რაც კატალონიურ გრანდში ძალიან ანერვიულებთ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" გეგმა, რომ ამერიკელი ფლანგელი ან გაეყიდა ან ბარტერში ჩაერთო, უფრო და უფრო რთულად განსახორციელებელი ხდება.
"როსონერიში" დესტი კლუბმა უწყვეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაანათხოვრა, სერჟინიომ კი ჯერჯერობით უკანასკნელი მატჩი ამა წლის 24 იანვარს ჩაატარა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
22 წლის მარჯვენა მცველის უქმობის მიზეზად ხან კუნთოვანი პრობლემები, ხან ვარჯიშზე არადამაჯერებელი ასპარეზობა და ხან სხვა უცნობი ტრავმები სახელდება.
"ბარსამ" სერჟინიოსთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებაც სცადა.
შეგახსენებთ, რომ "მილანს" დესტის გამოსყიდვის უფლება აქვს, მაგრამ ლომბარდიელები ამ უფლებით სარგებლობას არ აპირებენ.
მიმდინარე სეზონში ამერიკელმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ვერაფრით გამოეჩინა.