როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში "ბარსელონას" რომელიმე შემტევი დატოვებს. წასვლას ყველაზე აქტიურად ანსუ ფატის, ფერან ტორესსა და რაფინიას უწინასწარმეტყველებენ.
დღეს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა სერხი სოლემ გვამცნო, რომ კატალონიურმა გრანდმა ფერანსა და რაფინიას ფასი დაადო.
წყაროს თანახმად, ესპანელსა და ბრაზილიელ გარემარბებს კლუბი სულ მცირე 40 მილიონ ევროდ (თითოეულს) აფასებს. შეთავაზება, რომლის ღირებულებაც 40 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება, განხილვას არ დაექვემდებარება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამ მტკიცე პოზიციის მიზეზი მარტივი მისახვედრია - ფერანისა ან რაფინიას უფრო დაბალ ფასად გაყიდვის შემთხვევაში, კლუბის ანგარიშებში წაგება დაფიქსირდება.
მოარული ხმების მიხედვით, "ბარსელონა" ფატისაც დაახლოებით ამ თანხად აფასებს. მაშასადამე, თუ კლუბი სამივე მათგანს გაასხვისებს, ბიუჯეტს მინიმუმ 120 მილიონი ევროთი შეივსებს.
აქვე გეტყვით, რომ "ბარსაში" დარჩენის ყველაზე მაღალი შანსი მაინც რაფინიას აქვს, რადგან 26 წლის ბრაზილიელი კლუბში თავის პირველ სეზონს ატარებს და მასში "ლიდსს" 58 მილიონი ევრო გადაუხადეს.