ხუთშაბათ საღამოს რამდენიმე გამოცემამ ერთდროულად შეგვატყობინა, რომ "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" გერმანელ ნახევარმცველს, ილქაი გიუნდოგანს კონტრაქტზე შეუთანხმდა.
აღნიშნულ ინფორმაციას 31 წლის შუახაზელის აგენტი, ილჰან გიუნდოგანი გამოეხმაურა.
"გაოცებული ვარ იმ ცნობებით, რომლებიც რაიმე შეთანხმების მიღწევას ეხება. არავისთან შევთანხმებულვართ. გადაწყვეტილი ჯერ არ არის, სად ითამაშებს ილქაი მომდევნო წლებში.
ილქაის "მანჩესტერ სიტის" კაპიტნის რანგში ტრიპლეტის მოგება შეუძლია და იგი ახლა მხოლოდ ამაზეა ფოკუსირებული," - თქვა აგენტმა.
არადა, SPORT იუწყება, რომ "ბლაუგრანა" გერმანელთან შეთანხმებას ასრულებს. კონტრაქტი ორწლიანი იქნება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. "ქალაქელთა" ვარსკვლავი მნიშვნელოვნად შეიმცირებს ხელფასსაც.
ცნობისთვის, გიუნდოგანი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.