"ბარსელონას" წარუმატებელი პერიოდი გრძელდება. კატალონიელები დღეს "ხეტაფეს" ესტუმრნენ და ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულეს ნულოვანი ყაიმით.
უსახური შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ კომენტარში შეაფასა.
"ამის გამო ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ ბალახი კარგ მდგომარეობაში არ იყო. ბალახი ძალიან მშრალი გახლდათ. ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არ არის. ცუდად ვითამაშეთ.
ბარსელონაში გუშინ ვცადეთ, მშრალ ბალახზე გვევარჯიშა. ეს ჩვენთვის დიდი ზიანის მომყენებელია. ხელს უშლის "ხეტაფესაც". შეხედეთ მუნირს, რომელმაც დარტყმაც ვერ მოახერხა.
ფრე ცუდი სულაც არაა, თუმცა თავდაჯერება უნდა აღვიდგინოთ.
ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება გვსურს. ვიმედოვნებ, შემდეგი კვირისთვის 2 ან 3 მოთამაშე დაგვიბრუნდება. ტრავმები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" გოლი უკვე ზედიზედ 3 მატჩია არ გაუტანია (ბარსელონა 0:4 რეალი, ბარსელონა 0:0 ჟირონა, ხეტაფე 0:0 ბარსელონა).
ლა ლიგის სატურნირო ცხრილს "ბლაუგრანა" 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. მომდევნო მატჩი გუნდს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ელოდება.