მესისა და რონალდუს უდიდესი მარცხები კარიერაში

მესისა და რონალდუს უდიდესი მარცხები კარიერაში

2020 წლის 14 აგვისტოს მსოფლიო ფეხბურთის ისტორია არასდროს დაივიწყებს. ლისაბონში ამ დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მარცხი აგემა და გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო - 8:2.

ბუნებრივია, ეს გახლდათ ყველაზე დიდი მარცხი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტნის, ლიონელ მესის კარიერაშიც.

ამასთან დაკავშირებით, საინტერესო იქნება შეგახსენოთ კიდევ რამდენიმე კატასტროფული მარცხი, რომლებიც ლეოსა და მის მთავარ მოქიშპეს, კრიშტიანუ რონალდუს განუცდიათ.

1. ლიონელ მესი - "ბარსელონა" 2:8 "ბაიერნი" - 14.08.2020

ამ მატჩზე ბოლო 24 საათის მანძილზე იმდენი რამ დაიწერა, რომ რაიმეს დამატება ზედმეტი იქნება. "რეკორდმაისტერმა" "ბლაუგრანა" პირწმინდად გაანადგურა და ამას ხელი ვერც ლეომ შეუშალა, რამეთუ "ლა პულგამ" თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე (თუ არა ყველაზე) უსახური მატჩი ჩაატარა.

1. კრიშტიანუ რონალდუ - "ბარსელონა" 5:0 "რეალი" - 29.11.2020

მადეირელის უდიდესი მარცხი კი პირდაპირ უკავშირდება "ბარსელონას". ჟოზე მოურინიოს სადებიუტო "ელ კლასიკოში" "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "სამეფო კლუბს" ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარეს. კრიშტიანუ მინდვრიდან გამქრალი გახლდათ, ხოლო მესი აშკარად საუკეთესო იყო მოედანზე მდგარ 22 ფეხბურთელს შორის.

2. ლიონელ მესი - ბოლივია 6:1 არგენტინა - 01.04.2009

"ალბისელესტემ" ეს კატასტროფული მარცხი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე განიცადა. ვერცხლისქვეყნელებს ბოლივიის ჰაერმა ნამდვილად არ არგოთ - მათ საშინელი შთაბეჭდილება დატოვეს და მასპინძლების ისტორია გადაწერეს. ლეომ სულ ორჯერ შეძლო, რომ თავისი ჩვეული დრიბლინგი განეხორციელებინა, თუმცა ეს უშედეგოდ დამთავრდა. Goal.com-ისგან მან 5 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

2. კრიშტიანუ რონალდუ - ბრაზილია 6:2 პორტუგალია - 20.11.08

ამ შემთხვევაშიც სანაკრებო ასპარეზზე უნდა გადავინაცვლოთ. ამ ამხანაგურ ჯახში ბრაზილიელები ნამდვილად არ მოიქცნენ ამხანაგურად და მეტოქეს გადაურბინეს. საგულისხმოა, რომ ანგარიში ლუზიტანებმა გახსნეს (დანი), თუმცა შემდეგ ყველაფერი მათთვის ცუდად წავიდა.

რონალდუმ თავი 85-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათით გამოიჩინა.

3. ლიონელ მესი - "ლივერპული" 4:0 "ბარსელონა" - 07.05.2019

ეს კი არის მატჩი, რომლის ამ სცენარით განვითარებაში ლეოს ყველაზე ნაკლები ბრალეულობა აქვს. ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელმა თანაგუნდელებს სამი 100%-იანი შანსი შეუქმნა, თუმცა გოლად ვერცერთი მათგანი ვერ გარდაისახა.

"ენფილდზე" განცდილმა მარცხმა "ბარსა" ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა და ალბათ არ იქნება უცნაური თუ ვიტყვით, რომ სწორედ ამ წაგების შემდეგ დაიწყო "ბლაუგრანაში" კატასტროფული ფაქტების ერთი მეორის მიყოლებით დაფიქსირება.

3. კრიშტიანუ რონალდუ - "რეალი" 0:4 "ბარსელონა" - 21.11.2016

კიდევ ერთი "კლასიკო" და კიდევ ერთი ფიასკო! ლუის სუარესის (2), ნეიმარ ჟუნიორისა და ანდრეს ინიესტას გოლებს "ბლანკოსმა" ვერაფერი დაუპირისპირა, რამაც "ბერნაბეუზე" კატალონიელთა კიდევ ერთი ჯადოსნური საღამო განაპირობა.

საინტერესოა, რომ მესი ამ თამაშში მეორე ტაიმის შუა წუთებიდან ჩაერთო, მაშინ, როცა ანგარიში 0:3 იყო. ბოლო გოლში არგენტინელმა თავისი წვლილი შეიტანა, ხოლო რონალდუს ისევ არაფერი გამოსვლია.

4. ლიონელ მესი - "ბაიერნი" 4:0 "ბარსელონა" - 23.04.2013

და ისევ "ბაიერნი"... "ალიანც არენაზე" გამართულ მატჩში ბავარიელებმა მეტოქე არ დაინდეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. ეს იყო მატჩი, რომელსაც მიუნხენელები სიამოვნებით იხსენებდნენ, თუმცა გუშინდელმა შეხვედრამ ეს ისტორიული გამარჯვებაც კი გადაფარა.

საგულისხმოა, რომ მესის ამ თამაშისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული ტრავმა და 90 წუთის მანძილზე დისკომფორტით ასპარეზობდა. სწორედ ამ დაზიანების გამო გამოტოვა მან საპასუხო ჯახიც.

4. კრიშტიანუ რონალდუ - გერმანია 4:0 პორტუგალია - 16.06.2014

ბრაზილიის მუნდიალზე გერმანია და პორტუგალია ერთ ჯგუფში მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლუზიტანებს ჯგუფიდან გასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მათ ნაცვლად მეორე ადგილი აშშ- მ დაიკავა.

რაც შეეხება ხსენებულ ჯახს, პეპეს წითელმა ბარათმა, ჰუმელსის გოლმა და მიულერის ჰეთ-თრიქმა პორტუგალიას საბოლოოდ გამოუყვანა წირვა. რონალდუმ თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა, სამართლიანობისთვის ვთქვათ, რომ ოპტიმალურ კონდიციებში არც ის გახლდათ.

5. ლიონელ მესი - "პსჟ" 4:0 "ბარსელონა" - 14.02.2017

3 კვირის შემდეგ "კამპ ნოუზე" გამართულმა მატჩმა და ლეგენდარულმა 6:1-მა ეს ფიასკო გადაფარა, თუმცა ისტორიიდან მას ვერ ამოვშლით.

"პარკ დე პრანსზე" დი მარიას დუბლით, დრაქსლერის გოლითა და კავანის უზადო დარტყმით პარიზელებმა კატალონიელებს გადაუარეს.

ლიონელ მესი მთელი მატჩის განმავლობაში არ ჩანდა და მას ერთხელაც არ გაუმწვავებია სიტუაცია მეტოქის კართან.

5. კრიშტიანუ რონალდუ - "ატლეტიკო" 4:0 "რეალი" - 07.02.2015

თებერვალი ტიტანებისთვის მძიმე თვეა ... მადრიდულ დერბიში, რომელიც "ვისენტე კალდე რონზე" გაიმართა, "სამეფო კლუბს" არაფერი გამოუვიდა.

დიდი ალბათობით, ეს შეხვედრა საულ ნიგესის მაკრეტელათი და იკერ კასილიასის შეცდომით გემახსოვრებათ.

რონალდუმ მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.


მაშ ასე, ეს სტატია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კონკრეტულ შეხვედრებში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებსაც კი შეიძლება თავს სრული კატასტროფა გარდახდეთ, მაგრამ ისინი ყოველთვის ხელახლა დგებიან ფეხზე და იპყრობენ მწვერვალებს. ალბათ, სწორედ ამიტომაც არიან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები.

3 თვის წინ
623 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 159
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ