"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დღეს საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც ნეგრეირას საქმისა და კლუბისადმი მიმართული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.
გთავაზობთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მმართველის ყველაზე საინტერესო განცხადებებს:
"ნეგრეირას საქმეში მომხდარი ამბები დიდი ხნის წინ მოხდა. ბორდის მოქმედ წევრებთან მათ კავშირი არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ამან გავლენა ჩვენზეც იქონია, რადგან დიდი გაურკვევლობა წარმოშვა."
"ბარსელონა" უპირისპირდება დიდ კამპანიას, რომელსაც კლუბის რეპუტაციის შელახვა აქვს მიზნად. არსებობის 123 წლის განმავლობაში, "ბარსა" გახლდათ მისაბაძი მაგალითი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ამას ამაყად ვამბობთ."
"მათ ჩვენი პრესტიჟის დანგრევა უნდათ, თუმცა ეს არასდროს გამოსვლიათ და არც ახლა გამოუვათ. ისინი ვერ შეაჩერებენ "ბარსელონას" იმისგან, რომ იყოს იდეალი საფეხბურთო სამყაროსთვის."
"ბარსელონას" არასდროს უცდია მსაჯებზე გავლენის მოხდენა. სასამართლო სისტემამ ეს თავად დაადასტურა. მათ ვერ იპოვეს მსაჯების მოსყიდვის მცდელობის მტკიცებულებები, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობენ."
"629 რაპორტი, 43 ვიდეო. ჩვენ ისევ ხელთ გვაქვს მსაჯებთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური მიმოხილვა. ისინი არსებობენ და ზოგიერთი მოსაზრება, რომ ეს ყოველივე გამქრალია, სიმართლეს არ შეესაბამება."
"რეალი" ყოველთვის განიხილებოდა სამეფო კლუბად, რომელიც ძალაუფლებასთან ახლოს იყო. ბოლო 7 დეკადის განმავლობაში, სამსაჯო კომიტეტში დასაქმებული აღმასრულებლები ყოველთვის კლუბის წევრები ან "რეალის" ბორდის ყოფილი წევრები იყვნენ."
"რეალის" სურვილი, "ბარსელონას" წინააღმდეგ საქმე აღძრას, წმინდად მათ ინტერესებს ემსახურება. "რეალს" მსაჯები ყოველთვის ეხმარებოდნენ. ეს დღემდე გრძელდება, რაზეც ყველამ ვიცით. იმედია, სასამართლო ამას გამოაშკარავებს."
"ხავიერ ტებასს უნდა ახსოვდეს, რომ ის ლა ლიგას წარმოდგენს და არა საკუთარ თავს. მან ბევრ განცხადებაში მოიტყუა."
"არ ვიცი, ჩეფერინის თავში რა ხდება, მაგრამ უეფა "ბარსელონას" საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა. არსებობს სუპერლიგაც, რომელსაც მხარს ვუჭერთ. უეფასთან პრობლემები არ შეგვექმნება, თუ ესპანეთის სასამართლო დამნაშავედ არ გვცნობს. ევროპაში თამაშს ჩვეულებრივად გავაგრძელებთ, რადგან უკანონო არაფერი ჩაგვიდენია."
"სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტს არ ჰქონდა საიმისო შესაძლებლობა, რომ სპორტულ შედეგებზე რაიმე გავლენა მოეხდინა. ეს ფედერაციის რეგულაციების მე-20 მუხლში იკითხება."
"როცა "ესპაი ბარსას" პროექტი ინვესტორებს ეძებდა, ეს ამბავი სწორედ მაშინ დაიწყო. კამპანია მოჰყვა CVC შეთანხმებაზე უარის თქმასაც. ამას დამთხვევას ვერ ვუწოდებდი."
ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია ამ წუთებშიც გრძელდება - ამჟამად იგი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.