2 წლის და 11 თვის წინ
როგორ აბრუნებს ჩავი მესის სახლში - "მაესტროს" ყველა ქმედება
როგორ აბრუნებს ჩავი მესის სახლში - "მაესტროს" ყველა ქმედება

ესპანური SPORT-ის ჟურნალისტმა დავიდ ბერნაბეუ რევერტერმა ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა იმის შესახებ, თუ რა ძალისხმევას სწევს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი გუნდში ლიონელ მესის დასაბრუნებლად:

როგორც ირკვევა, სწორედ "მაესტრო" იყო ის პიროვნება, რომელსაც თავიდანვე სჯეროდა, რომ ლეოსა და ხელმძღვანელობას შორის არსებული უთანხმოების მოგვარება შესაძლებელი გახლდათ.

"ლეო, ერთადერთი, რაც ფეხბურთში დაგრჩა გასაკეთებელი, შენი ცხოვრების კლუბიდან ლამაზად წასვლაა," - ეს არის სიტყვები, რომელიც "ბარსას" თავკაცმა არგენტინელს ერთ-ერთი გასაუბრებისას უთხრა.

ჩავიმ "ბლაუგრანას" გასახდელის წონად წევრებთან ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა.

პირველი, ვისაც ესპანელმა მიმართა, მარკ ანდრე ტერ შტეგენი გახლდათ, რადგან გერმანელსა და არგენტინელს წარსულში ჰქონიათ უთანხმოებანი. 30 წლის მეკარემ ჩავის დაუდასტურა, რომ მესის თანაგუნდელობით მოხარული იქნებოდა.

43 წლის სპეციალისტმა ეს საკითხი განიხილა უსმან დემბელესთანაც. შესაბამისად, ფრანგ გარემარბსაც სჯერა, რომ "ლა პულგას" დაბრუნება გუნდისთვის წარმატების მომტანი იქნება.

ბუნებრივია, ჩავი გვერდს ვერ აუვლიდა რობერტ ლევანდოვსკის. პოლონელთან საუბრიდან გაირკვა, რომ რობერტი გრძნობს კრეატივის ნაკლებობას გუნდის წინა ხაზში, ამის მოგვარების საუკეთესო გზად კი სწორედ მესის დაბრუნება მიაჩნია. ლევანდოვსკის აზრით, "ბარსელონას" ლეგენდის გვერდით იგი გაცილებით მეტ გოლს გაიტანს.

მნიშვნელოვანია კაპიტნის აზრიც, რადგან სერხიო ბუსკეტსი "კამპ ნოუზე" სწორედ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ლეო დაბრუნდება. წყაროს თანახმად, ჩავიმ ბუსკეტსს მესის ტრანსფერის განხორციელების გარანტია მისცა.

რაც შეეხება ტაქტიკას, "ბარსას" თავკაცი მესის ყველაზე წინ წაწეულ ნახევარმცველად ხედავს იმ ორთავდამსხმელიან სქემაში, რომელშიც 4 ნახევარმცველი რომბისეული სისტემით იქნება განლაგებული.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის მეგავარსკვლავი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. "პარი სენ-ჟერმენს" მიმდინარე სეზონში ლიონელი 19 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით დაეხმარა.


Facebook კომენტარები