რომის "ლაციო" "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველით, მარკ კასადოთი დაინტერესდა.
Diario AS-ის ინფორმაციით, "არწივებმა" გასულ თვეს კასადოს დასაკვირვებლად სკაუტებიც კი გააგზავნეს.
ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი "ბარსა ატლეტიკის" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. ბევრი მას ახალ სერხიო ბუსკეტსსაც კი უწოდებს.
კასადო უკვე რამდენჯერმე მოხვდა "ბლაუგრანას" პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში. ლა ლიგაში მას დებიუტი ჯერ კიდევ არ ჰქონია. სამაგიეროდ, მარკი ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგაზე - ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში მან "ვიქტორია პლზენის" წინააღმდეგ ითამაშა.
19 წლის ესპანელს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს. კატალონიურ გრანდს ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც აქვს.
არსებობს შანსი, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" კასადო იჯარის წესით გაუშვან, მისი გაყიდვა კი არ განიხილება.