მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების მთავარ მეკარეობას უმიზნებს, - იუწყება SPORT.
"ბარსელონას" გოლკიპერმა კატარის მუნდიალიც მანუელ ნოიერის რეზერვისტის როლში გაატარა, თუმცა ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა კიპერმა თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა, რამაც მისთვის 2022/2023 წლების საფეხბურთო სეზონი დაასრულა.
აქედან გამომდინარე, იმ შეხვედრებში, რომლებსაც "ბუნდესგუნდი" 2023 წლის დასაწყისში გამართავს, მათ კარს სწორედ ტერ შტეგენი დაიცავს.
წყაროს თანახმად, მარკ-ანდრე იმედოვნებს, რომ "ბარსელონაში" აკრეფილ თავის შესანიშნავ ფორმას შეინარჩუნებს და ეროვნული ნაკრების ძირითადი კიპერი გახდება.
ნოიერის ასაკიდან და მისი მძიმე დაზიანებიდან გამომდინარე, "ბლაუგრანას" კარის დარაჯის ოპტიმიზმი უსაფუძვლო ნამდვილად არ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენისთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა. 21 მატჩში მან კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა და სულ 19 გოლი გაუშვა. თუ მხოლოდ ლა ლიგის სტატისტიკას ავიღებთ, იქ გერმანელს 14 შეხვედრაში სულ 5 გოლი აქვს მიღებული.