1 წლის და 11 თვის წინ
დემბელე: "მესისგან ეს ვისწავლე"
დემბელე: "მესისგან ეს ვისწავლე"

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ 2022 წლის მოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ბარსელონასა" და "მამლების" 25 წლის გარემარბმა, უსმან დემბელემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ბუნებრივია, მთავარი შეკითხვა, რომელიც უსმანს დაუსვეს, მის ყოფილ თანაგუნდელსა და მომავალ მეტოქეს, ლიონელ მესის შეეხებოდა.

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ლეო ჩემი თანაგუნდელი იყო. ის ძალიან უბრალო და მშვიდი პიროვნებაა, ხოლო როგორც ფეხბურთელი, შეუჩერებელია. მან მე გუნდურად თამაშზე ბევრი რამ მასწავლა.

როცა "ბარსელონაში" გადავედი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ფეხბურთელებს შორის დრიბლინგით გაძრომა ძალიან მომწონდა და სულ ამას ვაკეთებდი. მესიმ კი მითხრა, რომ უნდა დავწყნარებულიყავი და ამის მუდმივად გამეორება არ ღირდა, რადგან არსებობდა ისეთი მომენტებიც, როცა დრიბლინგის შესრულება საჭირო არ იყო და პასი უნდა გამეცა," - იხსენებს დემბელე.

გეტყვით, რომ უსმანი და ლეო თანაგუნდელები 4 წლის განმავლობაში (2017-2021) იყვნენ.

რაც შეეხება ხვალინდელ ჯახს, ის თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები