2 წლის და 11 თვის წინ
"ბარსელონა" ლეო მესის მუზეუმს გააკეთებს
"ბარსელონა" ლეო მესის მუზეუმს გააკეთებს

ლიონელ მესის დაბრუნება "ბარსელონას" შესაძლებლობების უდიდეს ფანჯარას უხსნის, რომლით სარგებლობასაც კლუბი მაქსიმალურად აპირებს. ამაში Diario AS-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციაც გვარწმუნებს.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ლეო მესის ინტერაქციული მუზეუმის გაკეთებას გეგმავენ.

ამისათვის კატალონიური გრანდი "ლა მასიას" ძველ შენობას გამოიყენებს და მას სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნის.

"ბარსაში" სჯერათ, რომ "მესის სივრცე" ათასობით ტურისტს მიიზიდავს. კლუბის ბიუჯეტში ეს პროექტი იმდენ თანხას შეიტანს, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის შინ დასაბრუნებლად გაწეული ხარჯები დაბალანსდება.

35 წლის მეგავარსკვლავის შესახებ წერს ჟურნალისტი ალექს პინტაელიც. მისი ინფორმაციით, "ბარსაში" მნიშვნელოვანი ფიგურები ლეოს ტრანსფერის განხორციელებას გარდაუვლად მიიჩნევენ. ოპერაციას, რომელიც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, მწვანე შუქი აუნთეს გასახდელის მთავარმა წევრებმაც.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი "ლა პულგას" პირველ  ივლისს ეწურება. მიმდინარე სეზონში მან თავი 36 გოლითა და 24 ასისტით (კლუბი+ნაკრები) გამოიჩინა.



Facebook კომენტარები