1 წლის და 11 თვის წინ
სავალალო შეცდომა - როგორ გაუშვა ხელიდან "ბარსამ" ალვარესი
სავალალო შეცდომა - როგორ გაუშვა ხელიდან "ბარსამ" ალვარესი

"მანჩესტერ სიტისა" და არგენტინის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი, ხულიან ალვარესი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

"ალბისელესტეს" ახალგაზრდა შემტევმა ჯერ პოლონეთს გაუტანა ჯგუფურ ეტაპზე, შემდეგ მერვედფინალში აიღო ავსტრალიის ნაკრების კარი, ნახევარფინალში კი საერთოდ დუბლი შეუსრულა ხორვატიას და "თეთრ-ცისფრების" ფინალში გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ხულიანს მუნდიალზე უკვე 4 გოლი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს მიღების საკმაოდ კარგ შანსს ინარჩუნებს.

ბუნებრივია, მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ფორუმზე ასეთი შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ ალვარესისადმი ყურადღება გაათმაგებულია და უკვე ყველა ხვდება, რაოდენ კარგი ფეხბურთელი ჩაიგდეს ხელში "ქალაქელებმა".

არგენტინელის ამ აფეთქებას სინანულით უნდა აკვირდებოდნენ "ბარსელონადან", რადგან, როგორც ჩანს, კატალონიურ გრანდს მისი დამატების კარგი შანსი ჰქონდა.

OnzeTV3-ზე სტუმრობისას, ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა, ხოსეპ მარია მინგელამ გაასაჯაროვა მისი Whatsapp მიმოწერა მატეუ ალემანისთან, სადაც იგი ალვარესის დამატებას ურჩევს და ფეხბურთელის საკმაოდ მცირე გამოსასყიდი თანხის, 20 მილიონი ევროს შესახებ აწვდის ინფორმაციას.

მინგელას რჩევა "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" არ გაითვალისწინეს და იანვარში აქცენტი ფერან ტორესის შეძენაზე გააკეთეს. ესპანელი თავდამსხმელის "ბლაუგრანაში" გაყიდვის მერე კი "მანჩესტერ სიტიმ" ხულიანი თვითონ წაიყვანა, გადაუხადა რა ხსენებული 20 მილიონი ევრო "რივერ პლეიტს".

აქვე გეტყვით, რომ მანჩესტერელთა მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში ალვარესმა 7 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები