

"ბარსელონას" ლა ლიგის ჩემპიონობა ჯერ არ გაუნაღდებია, თუმცა გუნდმა უკვე ოფიციალურად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების ჯგუფური ეტაპის საგზური.
Mundo Deportivo-ს ცნობით, უეფა "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ევროპის მთავარ ტურნირზე თამაშის ნებას დართავს, მიუხედავად ნეგრეირას საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა.
ორგანიზაციის ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტი "ბლაუგრანას" ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მისაღებად საჭირო ლიცენზიას მისცემს.
უეფამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რის საფუძველზეც კლუბს აღნიშნული შეჯიბრიდან მოხსნიდნენ. აქედან გამომდინარე, "ბარსას" ევროსარბიელზე ყოფნას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "ბარსასა" და უეფას პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. ჟოან ლაპორტასა და ალექსანდრ ჩეფერინის საუბარი სწორედ ნეგრეირას საქმის გარშემო განვითარდა.