1 წლის და 6 თვის წინ
"პსჟ" მესის სახლში "აბრუნებს" - ლეოს სანქციები დაადეს
"პსჟ" მესის სახლში "აბრუნებს" - ლეოს სანქციები დაადეს

ლიონელ მესი ახლა საუდის არაბეთში იმყოფება. არგენტინელმა მეგავარსკვლავმა "პარი სენ-ჟერმენის" სავარჯიშო სესია უნებართვოდ გააცდინა, რაც კლუბის მიერ მისი დასჯის მიზეზი გახდება.

RAC1 იუწყება, რომ პარიზელებმა გადაწყვიტეს, 35 წლის ფეხბურთელი გუნდს ორი კვირით ჩამოაშორონ.

ლეო გამოაკლდება კვირას, "ტრუასთან" გასამართ მატჩს. "პსჟ-ს" იგი არ ეყოლება მომდევნო კვირის შაბათ დღეს, "აიაჩოს" წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრაშიც.

სასჯელი არ ეხება მხოლოდ მატჩების გამოტოვებას. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი არც ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, ამ პერიოდში "პარი სენ-ჟერმენი" მას არც ხელფასს გადაუხდის. ბუნებრივია, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე კლუბი მესის ასეთი ზომების მიღებით სჯის.

რაც შეეხება საუდის არაბეთში მოულოდნელ გამგზავრებას, ეს საუდის არაბეთის ტურიზმის ხელმძღვანელობასთან დადებული კონტრაქტის გამოძახილია. აზიურ ქვეყანაში ლეო აქამდე კიდევ ორჯერ უნდა წასულიყო, მაგრამ ვიზიტები მან "პსჟ-სთან" არსებული ვალდებულებების გამო გადადო. როგორც ჩანს, ამჯერად მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, პირველ ივლისს არგენტინელი თავისუფალი აგენტი ხდება. მისი პარიზში დარჩენის შანსი ახლა თითქმის ნულის ტოლია. 

ჟურნალისტმა ალფრედ მარტინესმა დღევანდელი მოვლენები ასე შეაფასა: "ბარსელონა" ლა ლიგას მიუახლოვდა, "პარი სენ-ჟერმენმა" კი მესი "ბარსელონასთან" დაბრუნებას თავად მიაახლოვა."


Facebook კომენტარები