"ბარსელონამ" გუშინ "ოსასუნა" დაამარცხა, მადრიდის "რეალმა" კი "რეალ სოსიედადთან" წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს შორის სხვაობა 14 ქულამდე გაიზარდა.
მეორე ადგილზე გადასვლის კარგი შანსი აქვს მადრიდის "ატლეტიკოს". ამისთვის "როხიბლანკომ" დღეს "კადისი" უნდა დაამარცხოს.
"ბლაუგრანასთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ წუხელ დაფიქსირებული შედეგები გუნდს აძლევს საშუალებას, ლა ლიგის ტიტული მომდევნო ტურშივე მოიგოს.
იმ შემთხვევაში, თუ 14 მაისს "ბარსა" "ესპანიოლს" საგარეო შეხვედრაში აჯობებს, კატალონიური გრანდი მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდება.
არსებობს შანსი, ჩავის გუნდი "ესპანიოლთან" თამაშამდეც გაჩემპიონდეს. საამისოდ "რეალმა" "ხეტაფესთან", ხოლო "ატლეტიკომ" "ელჩესთან" უნდა დაკარგონ ქულები. ორივე ეს მატჩი კატალონიურ დერბიმდე გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ "კორნელია ელ პრატიზე" "ესპანიოლი" და "ბარსელონა" 14 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათიდან ითამაშებენ.