მატეუ ალემანი "ბარსელონას" სპორტული დირექტორის პოზიციას პირველ ივლისს დატოვებს, რის გამოც, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განსახორციელებელი ოპერაციების რაც შეიძლება მალე დასრულება სურთ.
ჟურნალისტ ადრი ფერნანდესის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ივლისამდე 6 ფეხბურთელი უნდა გაიფორმოს:
ლეო მესი - არგენტინელი მეგავარსკვლავის შესაძლო დაბრუნება ყველაზე აქტუალური საკითხია. ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენა გამორიცხულად მიიჩნევა, ახლა კი ჯერი კატალონიურ გრანდზეა.
ინიგო მარტინესი - გასულ თვეში გავრცელდა ცნობები, რომ "ბარსამ" ბილბაოს "ატლეტიკის" მცველთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა. ოფიციალური დასტური ივნისშია მოსალოდნელი.
ილქაი გიუნდოგანი - "ბარსა" გერმანელ ნახევარმცველს უმიზნებს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.
სოფიან ამრაბატი - ჩავი ერნანდესი მაროკოელი შუახაზელის დიდი გულშემატკივარია. კლუბი მის დამატებას აუცილებლად ეცდება.
პიერ-ემერიკ ობამეიანგი ან ვიტორ როკე - "ბარსელონას" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი სჭირდება. ობამეიანგი უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია, ხოლო 17 წლის ბრაზილიელის ფასი გაცილებით დიდია, თუმცა კლუბს იგი გრძელვადიან პერსპექტივაში მეტად გამოადგება.
იანიკ კარასკო - "ბლაუგრანას" ბელგიელი გარემარბის გამოსყიდვის უფლება აქვს. მოარული ხმების მიხედვით, "ბარსას" მისი 10 მილიონ ევროდ ყიდვა სწადია.
ასე და ამგვარად, აშკარაა, რომ "ასტონ ვილაში" წასვლამდე, ალემანის წინ დიდი სამუშაო ელოდება.