როგორც იცით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" საფეხბურთო დირექტორი მატეუ ალემანი თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
ალემანის მომდევნო კლუბი ჯერ საბოლოოდ ცნობილი არ არის, თუმცა მისი ბირმინგემის "ასტონ ვილაში" დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მატეუ "ვილა პარკაზე" თავისი ყოფილი კლუბის ფეხბურთელების წაყვანას ეცდება.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ გაბრიელ სანსის ცნობით, საფეხბურთო ფუნქციონერს ძალიან მოსწონს "ბლაუგრანას" დანიელი მცველი ანდრეას კრისტენსენი. ალემანი კრისტენსენის "ბარსაში" ტრანსფერს მის ერთ-ერთ საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) ოპერაციად მიიჩნევს.
მიუხედავად ამისა, მატეუმ ისიც იცის, რომ 26 წლის უკანახაზელი "კამპ ნოუზე" ლამის ხელშეუხებლის სტატუსით სარგებლობს და მის წასაყვანად განსაკუთრებული შეთავაზება იქნება საჭირო.
რაც შეეხება "ლომების" რადარზე მყოფ მეორე "ბარსელონელს", იგი ფერან ტორესია. ბირმინგემელებს ზაფხულში შეტევის გასაძლიერებლად 100 მილიონი ევროს დახარჯვა სურთ, მთავარ სამიზნეებად კი ტორესსა და დუშან ვლაჰოვიჩს (იუვენტუსი) განიხილავენ.
მსგავსად კრისტენსენისა, კატალოონიდან აბარგება არც ფერანს სურს, თუმცა "ბარსა" მას გაცილებით ნაკლებ თანხად შეელევა, რაც "ვილანებს" შანსს უტოვებს.