ლა ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ, "ბარსელონა" იაპონიაში ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, - იუწყება Mundo Deportivo.
პრიმერაში მიმდინარე გათამაშების უკანასკნელი შეხვედრა "ბლაუგრანას" ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ ელოდება. იგი 3 ან 4 ივნისს გაიმართება. ამომავალი მზის ქვეყნისკენ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" პირდაპირ ვიგოდან გაეშურებიან.
"ბარსა" ამხანაგურ მატჩში "ვისელ კობეს" შეერკინება. თამაში 6 ივნისს და მას ტოკიოს ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ "ვისელ კობეში" ირიცხება "ბარსელონას" ლეგენდა ანდრეს ინიესტა.
ინიესტას იაპონურ გუნდს "ბლაუგრანა" აქამდეც შეხვედრია. ამხანაგური მატჩი 2019 წელს გაიმართა და კატალონიელებმა კარლეს პერესის მიერ შესრულებული დუბლის წყალობით იმარჯვეს.
აქვე გეტყვით, რომ ზედიზედ მეორე წელია, რაც "ბარსა" ამხანაგურ შეხვედრას ლა ლიგის დასრულებისთანავე ატარებს. შარშან ჩავის კოლექტივი ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდა.