როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი თანამდებობას პირველ ივლისს დატოვებს.
თუ ჟურნალისტ ჟოან ფონტესს დავუჯერებთ, ალემანის "ბლაუგრანადან" წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მისი და ჩავი ერნანდესის არც თუ მოწესრიგებული ურთიერთობა გახლავთ.
წყაროს თანახმად, მაშინ, როცა საქმე ტრანსფერებს ეხებოდა, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი იერარქიას არ ითვალისწინებდა, ალემანის არ მიმართავდა და პირდაპირ ჟოან ლაპორტასთან გადიოდა კონტაქტზე. ეს მატეუს ძალიან აბრაზებდა.
მაშინ, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერნი" რონალდ არაუხოსთან და უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტების თაობაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, სპორტულ დირექტორს მათი გუნდიდან მოკვეთა და წნეხში ასე მოქცევა სურდა, მაგრამ ჩავიმ მას ამის ნება არ მისცა.
"მაესტროს" უკმაყოფილების მიზეზი გახლდათ ალემანის მოპყრობა სერხი რობერტოსადმიც. ფეხბურთელს, რომელთანაც ჩავის ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, მატეუმ ღიად უთხრა, რომ "ბარსელონაზე" უკეთესი შეთავაზებით მას არავინ მიმართავდა.
60 წლის ფუნქციონერმა ჟორდი ალბას "ინტერში" ტრანსფერი ისე შეათანხმა, რომ ჩავის არაფერი ჰკითხა. ალემანის განსხვავებული პოზიციები ჰქონდა სერხიო ბუსკეტსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისა და ლეო მესის შესაძლო დაბრუნების შესახებაც.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობების თანახმად, ალემანი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს.