"ბარსელონა" ავტობუსით დიდი მსვლელობის მოწყობას გეგმავს, თუ კლუბი "ესპანიოლთან" მატჩში ლა ლიგის ჩემპიონობას გაინაღდებს, - იუწყება RAC1.
Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსას" მამაკაცთა გუნდთან ერთად იზეიმებს ქალთა გუნდიც. "ბარსელონა ფემენიმ" ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მე-4-ედ მოიგო, რაც ჯეროვნად უნდა აღინიშნოს.
მაშასადამე, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მამაკაცთა და ქალთა გუნდების საზეიმო მსვლელობას ისტორიაში პირველად ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის გუნდს პრიმერას ჩემპიონობის გასანაღდებლად "ესპანიოლის" დამარცხება სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო" და "რეალი" მანამდე ქულებს დაკარგავენ, "ბლაუგრანა" შეიძლება კატალონიურ დერბიმდეც გაჩემპიონდეს.
ცნობისთვის, "ესპანიოლისა" და "ბარსელონას" ჯახი 14 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.