საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე სანდო გამოცემად მიჩნეულმა The Athletic-მა "ბარსელონას" გეგმების შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს თანახმად, ფრენკი დე იონგის გარემოცვიდან გამომავალი ხმები იუწყებიან, რომ "ბლაუგრანა" ნიდერლანდელი ნახევარმცველის გაყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება.
მცდელობის მორიგი ტალღა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზეა მოსალოდნელი. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იმედოვნებენ, რომ პრემიერლიგური გრანდები, რომლებიც ფრენკით ზაფხულში ინტერესდებოდნენ, კლუბს შეთავაზებით ახლაც მიმართავენ.
თავად 25 წლის ნახევარმცველის პოზიციას რაც შეეხება, იგი "კამპ ნოუზე" ბედნიერია და არსად აპირებს წასვლას.
ბრიტანულმა ტაბლოიდმა "ბლაუგრანაში" ახალი შუახაზელის მოსვლის ალბათობაზეც დაწერა.
როგორც ირკვევა, ისეთი დიდი ვარსკვლავის ტრანსფერი, როგორიც ბერნარდუ სილვაა, გამორიცხულია, თუმცა არსებობს შანსი, "ბარსამ" დაიმატოს "ვულვზის" ნახევარმცველი, რუბენ ნევეში. 2023 წლის ზაფხულში პორტუგალიელი თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომ იანვარში მისი შეძენა შედარებით იაფად იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ დე იონგსაც და ნევეშსაც "ბარსელონადან" წასვლის გზაზე დამდგარი სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად განიხილავენ.