"ბარსელონას" ლეგენდამ ანდრეს ინიესტამ ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის, პედრი გონსალესისა და ჩავის "ბარსას" შესახებ ისაუბრა.
"ეს იყო დამსახურებული ჩემპიონობა არა მხოლოდ ლეოსთვის, არამედ არგენტინისთვის. მათ ტურნირი მარცხით დაიწყეს და უდიდეს წნეხში მოექცნენ."
"ჩემთვის, მესის მსოფლიო ჩემპიონობა არ სჭირდებოდა, რათა ყველა დროის საუკეთესოდ აღიარებულიყო. მუნდიალთან ერთად თუ მის გარეშე, მესი საუკეთესოა. ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც ლეოს საუკეთესოდ არ მიიჩნევს, მის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მერეც გააგრძელებს მიზეზების მოძებნას, რათა თავისი პოზიცია არ შეიცვალოს."
"პედრისთან რამდენჯერმე ვისაუბრე და ვუთხარი, რომ თუ დახმარება დასჭირდება, მის გვერდით ვარ. ვფიქრობ, მისი დახმარება შემიძლია, რადგან "ბარსაში" თამაშობს და ერთმანეთს გვადარებენ. იგი გასაოცარი ბიჭია უდიდესი ტალანტით. თუ პედრი გააგრძელებს განსავითარებლად მუშაობასა და ისევ თავმდაბალი იქნება, სხვებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცევა."
"ვფიქრობ, იმ რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც ჩავი იმყოფება, გუნდში დადებითი დინამიკაა. ვიცი, რომ ბოლოს ყველაფერს ტიტულები წყვეტს, მაგრამ პროგრესი თვალშისაცემია."
"დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში გუნდი გაიმარჯვებს. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა წარუმატებლობა იყო, თუმცა სხვა მატჩებიც გვაქვს. ლა ლიგაში "ბარსა" კარგად გამოიყურება და ასეც გააგრძელებს."
შეგახსენებთ, რომ ანდრესს "ბლაუგრანას" მაისურით 674 მატჩი აქვს ჩატარებული. მან ამ შეხვედრებში 57 გოლი გაიტანა და 138 საგოლე გადაცემა გააკეთა.