რამდენიმე გამოცემა ერთდროულად იუწყება, რომ მატეუ ალემანიმ "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვიტა!
დახურულს კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, ალემანიმ "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას თავისი პოზიციის ცვლილების შესახებ ამცნო. ლაპორტამ უკვე იცის, რომ ალემანის კლუბის შეცვლა აღარ უნდა.
Cat.Radio-ს ინფორმაციით, საფეხბურთო ფუნქციონერს მიაჩნია, რომ "ბარსაში" მას საქმე ჯერ არ დაუსრულებია და დაწყებულ პროექტს ბოლომდე უნდა გაუძღვეს.
კატალონიურ გრანდში ალემანის შემცვლელად უკვე ამზადებდნენ დეკოს, თუმცა თუ ლაპორტა მატეუს შენარჩუნებაზე თანახმა იქნება, ბრაზილიელი ლეგენდა საფეხბურთო დირექტორის თანამდებობას ვერ დაიკავებს.
La Vanguardia-ს თუ დავუჯერებთ, დეკო ჟორდი კრუიფს ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ მატეუ ალემანის კარიერის გაგრძელებას "ასტონ ვილაში" უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.