2 წლის და 11 თვის წინ
"პსჟ-ს" ვარსკვლავს მესისთან ერთად წასვლა უნდა
"პსჟ-ს" ვარსკვლავს მესისთან ერთად წასვლა უნდა

მარკო ვერატის სურს, რომ მომდევნო სეზონში ლიონელ მესისთან ერთად ითამაშოს, - იუწყება RMC Sport.

იტალიელი ნახევარმცველი "პარი სენ-ჟერმენში" თავს ბედნიერად არ გრძნობენ. ფრანგული გუნდის ქომაგები არა მხოლოდ მესისა და ნეიმარს, არამედ მარკოსაც ობსტრუქციებს უწყობენ, რაც 30 წლის შუახაზელს ძალიან არ მოსწონს.

"პსჟ-ში" არგენტინელი მეგავარსკვლავის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობრად ვერატი ითვლება. სწორედ იტალიელი ცდილობდა "ლა პულგას" დარჩენაზე დაყოლიებას, მაგრამ ახლა თავად მასაც გუნდის შეცვლა აქვს განზრახული.

მართალია, "ბარსელონა" ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაშია, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, კლუბმა 30 წლის ვერატიში დიდი ფული გადაიხადოს, სხვანაირად კი პარიზელები მას არ შეელევიან. აქედან გამომდინარე, უდიდესი ალბათობით, თუ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი "კამპ ნოუზე" დაბრუნდება, მარკო მას თან ვერ გაჰყვება.

სხვათა შორის, კატალონიური გრანდი ვერატით 2017 წელს ინტერესდებოდა, მაგრამ ტრანსფერი პარიზელთა წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა.

აპენინელს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები