ჟერარ რომერო იუწყება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, იოზუა კიმიხის გარემოცვა ფეხბურთელს "ბარსელონას" სთავაზობს.
"ბლაუგრანა" უკვე სწავლობს 28 წლის ვარსკვლავის ტრანსფერის შესაძლებლობებს. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იციან, რომ "რეკორდმაისტერი" კიმიხს იმაზე გაცილებით რთულად შეელევა, ვიდრე შარშან რობერტ ლევანდოვსკის შეელია.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, კიმიხი მიუნხენში თავს ბედნიერად აღარ გრძნობს. იოზუა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იულიან ნაგელსმანის გათავისუფლებამაც დაამწუხრა.
თუ "ბაიერნის" რვიანი სხვა ევროპულ კლუბში გადაწყვეტს კარიერის გაგრძელებას, "ბარსა" მისთვის ოპტიმალური ვარიანტი იქნება. იოზუას ჩავი ერნანდესთან მუშაობის პერსპექტივაც ხიბლავს.
გერმანელი ნახევარმცველის გადაბირების შესაძლებლობით მოხიბლულია თავად "მაესტროც".
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კიმიხმა თავი 7 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა.