ხელშეუხებელი ფრენკი დე იონგი - რამ აქცია ის შეუცვლელად

ხელშეუხებელი ფრენკი დე იონგი - რამ აქცია ის შეუცვლელად

2019 წლის 5 მარტი. ამსტერდამის "აიაქსი" ევროპის მოქმედ ჩემპიონებს, მადრიდის "რეალს" გასვლაზე ეთამაშება. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ნიდერლანდელები 1:4-ს აფიქსირებენ მაშინ, როცა "იოჰან კრუიფ არენაზე" 1:2 აქვთ წაგებული. ეს ერიკ ტენ ჰაგის გუნდის სპექტაკლი გახლდათ. რამდენიმე კვირის შემდეგ, ბიჭები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდნენ.

მსოფლიო პრესას "აიაქსის" ფეხბურთელები მოედვნენ. იყვნენ გამოცდილი მოთამაშეები: დუშან ტადიჩი, დეილეი ბლინდი და სხვები, მაგრამ უფრო მეტნი ახალგაზრდები იყვნენ. ჭაბუკებს შორის გამოირჩეოდნენ მატიას დე ლიხტი, ფრენკი დე იონგი, დონი ვან დე ბეეკი, ანდრე ონანა... დე ლიხტს "ბარსელონაში" წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მისი საუკეთესო მეგობარი, დე იონგი კი 2019 წლის იანვრიდან უკვე "ბარსას" მოთამაშე გახლდათ.

ხოსეპ მარია ბართომეუმ 21 წლის ნახევარმცველში 75 მილიონი ევროს გადახდა გადაწყვიტა. ახალგაზრდას გუნდის შუა ხაზში სტამინა და თავდაჯერება უნდა შეეტანა. სერხიო ბუსკეტსის, ივან რაკიტიჩისა და არტურო ვიდალის შემყურე, კატალონიური გრანდის ნახევარდაცვა გადაღლილი და გადაბერებული იყო. 2019 წელს კი ფრენკი მის გამოსაცოცხლებლად მოდიოდა.

გუნდში მოსვლის წამიდან, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი თავის საყვარელ პოზიციაზე არ თამაშობდა, იგი საკვანძო ფიგურად იქცა. 2020 წელს კი დე იონგი უბრალოდ შეუცვლელია.

რონალდ კუმანის ხელში, დე იონგმა სეზონის ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. 900 შესაძლებლიდან, მან მხოლოდ 10 წუთი გამოტოვა, შეცვლილ იქნა რა "ხეტაფესთან" წაგებულ შეხვედრაში. "ბარსას" ფანებს შორის ამან ახალი დისკუსია წარმოშვა: იმსახურებს კი დე იონგი ამას? რას ხედავს კუმანი მასში? ზედმეტად დაფასებული ხომ არ არის? ამ კითხვებზე პასუხს ამ სტატიაში იხილავთ.

რონალდ კუმანს თავისი ფავორიტები ჰყავს

კუმანმა კატალონიაში ფეხი დადგა თუ არა გამოაცხადა, რომ 4:2:3:1 სისტემით ითამაშებდა - ორმი საყრდენი, სადაც დე იონგი ერთ-ერთის ადგილს იკავებს. რონალდი ფრენკისთვის პოზიციის შეცვლას მაშინაც ითხოვდა, როცა "ბარსას" სათავეში სულ სხვა მწვრთნელები ედგნენ. კლუბის თავკაცის რანგში პირველ პრესკონფერენციაზეც, მან ისევ ეს თქვა.

კუმანს უნდოდა, რომ 23 წლის ფეხბურთელი თავისთვის კომფორტულ ადგილზე დაეყენებინა, რათა მას შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინა. მართლაც, 2019/20 წლების სეზონთან შედარებით, "ბარსელონას" თამაში დე იონგზე მეტადაა დამოკიდებული და ეს ნათლად ჩანს.

ფრენკი იმდენად შეუცვლელია, რომ მთავარ მწვრთნელს ის მოედნიდან არც კი გაყავს. 57 წლის სპეციალისტს თავისი ფავორიტები ჰყავს და ვხედავთ, რომ ლეო მესისა და პედრი გონსალესთან ერთად, ეს დე იონგსაც ეხება.

ნამდვილი კონკურენციის ნაკლებობა

უკვე შევჯერდით, რომ კუმანს ფრენკიზე სურს თამაშის აწყობა, თუმცა იმასაც გადავხედოთ, რამდენად დიდია გუნდში არსებული კონკურენცია.

სერხიო ბუსკეტსის ოქროს წლები წარსულშია, მირალემ პიანიჩს ჯერ კიდევ სჭირდება დრო ადაპტაციისთვის, ხოლო რიკი პუჩისა და კარლეს ალენიას მთავარი მწვრთნელი საერთოდ არ ენდობა. ასე რომ, ნამდვილად არაა გასაკვირი დე იონგის ასეთი დატვირთვა. ნიდერლანდელი "კამპ ნოუზე" საუკეთესო ნახევარმცველია და მას ალტერნატივა უბრალოდ არ ჰყავს, მით უმეტეს, თუ გუნდი ორი საყრდენით თამაშობს.

დე იონგზე კუმანმა თავისი კრეატივიც ბლომად გამოსცადა. დაცვის ცენტრში არსებული პრობლემების გამო, ფრენკი იქაც ვიხილეთ. "იუვენტუსთან" მატჩის მეორე ტაიმში იგი კლემან ლენგლეს მეწყვილე გახლდათ, "დინამო კიევთან" შეხვედრაში კი ხერარდ პიკეს შეუწყვილდა.

ახალგაზრდამ თავისი უნარები ცენტრალურ მცველადაც გამოავლინა და კუმანს ვარირების დამატებითი საშუალება მისცა. დამეთანხმებით, რომ რთულია, შენი ყველაზე უნივერსალი ფეხბურთელი სკამზე დასვა...

განვითარდა კი დე იონგი?

საბოლოო ჯამში, ფრენკის ასეთი სათამაშო გრაფიკი საკადრო პრობლემებსა და რონალდ კუმანის პერსონალურ გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული. სადებიუტო სეზონში განცდილი იმედგაცრუების შემდეგ, დე იონგი "ბარსას" სასტარტო შემადგენლობაში მნიშვნელობით მეორე (ლეო მესის შემდეგ) ფიგურად იქცა.

გუნდის თავკაცის ფავორიტობის გარდა, ნახევარმცველს ეტყობა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოთამაშეა. ძნელად თუ გაგვახსენდება მის მიერ დაშვებული ფატალური შეცდომა, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბევრ ფეხბურთელზე ნამდვილად არ ითქმის.

ამ სეზონში ნიდერლანდელმა თავისი კლასი ბევრჯერ გამოაჩინა, იქნებოდა ეს ბურთთან ერთად, თუ ბურთის გარეშე. მისი უნივერსალურობა ყველაზე კარგად "იუვესთან" ჯახში გამოჩნდა, სადაც ტრავმირებული რონალდ არაუხო ჩაანაცვლა.

"ფერენცვაროშთან" კი ფრენკი უბრალოდ შესანიშნავი იყო. მან ანსუ ფატიზე ულამაზესი ასისტი მიითვალა და თან გუნდის პრაქტიკულად ყველა შეტევა მისი უშუალო მონაწილეობით წარიმართა. დე იონგი - ფატის დუეტი ბოლო მატჩებში იმდენად ეფექტური გახლდათ, რომ შეტევის მარცხენა ფლანგი განსაკუთრებით დაიტვირთა. ამას ხელი ჟორდი ალბას აქტიურმა ჩართულობამაც შეუწყო, რაც ახალი ამბავი ნამდვილად არ არის.

ფრენკის თამაში სტატისტიკაში სრულყოფილად არასდროს აისახება. ის არის ფიგურა, ვისი მოძებნაც ფეხბურთელებს ყოველთვის შეეძლებათ და იგი მათ იმედებს არ გაუცრუებს. ეს ნამდვილი ლიდერის თვისებაა.

კუმანის ხელში დე იონგმა არა მხოლოდ ფიზიკური მონაცემები გააუმჯობესა, არამედ ლიდერული უნარ-ჩვევებიც გამოიმუშავა. თუ მან ასე გააგრძელა, კითხვაც კი არ გაჩნდება იმის თაობაზე, უნდა იყოს თუ არა ფრენკი სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი, თუმცა, სანამ კითხვა ჯერ კიდევ არსებობს, პასუხიც მარტივია: დიახ!

1 კვირის წინ
624 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 41
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ