1 წლის და 6 თვის წინ
"მომდევნო სეზონი მარტივი არ იქნება" - ჩავის განცხადებები
"მომდევნო სეზონი მარტივი არ იქნება" - ჩავის განცხადებები

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" გუშინ "რეალ სოსიედადთან" დამარცხდა, თუმცა კატალონიელები მატჩის შემდეგ მაინც კარგ ხასიათზე იყვნენ, რადგან მათ ლა ლიგის კუთვნილი თასი გადაეცათ.

"ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჯერ გულშემატკივრებს მიმართა, შემდეგ კი მედიასთანაც გააკეთა კომენტარი.

"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ "ბარსელონას" ვწვრთნი.

ეს ჩემპიონობა ბედნიერების განსახიერება და დიდი გამოცდილებაა. ფეხბურთელობის ბევრი გამოცდილება გამიცოცხლდა. ტიტულს სიმშვიდე და სტაბილურობა მოაქვს. ახლა ჰარმონიას ვგრძნობთ. სწორედ ეს ვითხოვე ჟოან გამპერის თასის მატჩამდე.

ფანებთან დადებითად ვართ დაკავშირებული. დღეს რითმი გვაკლდა, რადგან ერთი კვირაა ვზეიმობთ. კარგი მატჩი არ გვქონია.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ფეხბურთელების მწვრთნელი ვარ და შემიძლია, ქომაგებთან ერთად "ბარსელონას" ჰიმნი ვიმღერო. 

მომდევნო სეზონისთვის მყარი საფუძველი გვაქვს. ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბის ფერები უყვართ. მომდევნო წელი მარტივი არ იქნება, რადგან "მონტუიკზე" გადავდივართ, მაგრამ თუ საკუთარ თავებს გავამხნევებთ და ხელმძღვანელობა და ფანები დაგვეხმარებიან, ძალიან ამაღელვებელი წელი გვექნება.

სეზონის ყველაზე ცუდი მომენტი? როცა გრძნობ, რომ გულშემატკივრებს შენი არ სჯერათ. "ბარსელონას" გარემო ამ მხრივ მეტად სასტიკია," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა სეზონი ორი ტიტულით დაასრულა. იანვარში ჩავის გუნდმა ესპანეთის სუპერთასი მოიგო, მაისში კი ესპანეთის ჩემპიონის გვირგვინი დაიდგა.


Facebook კომენტარები