"ბარსელონა" შვედური "ალსვერსკან დიუგარდენსის" 17 წლის ტალანტის, ლუკას ბერგვალისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ფეხბურთელის გარემოცვასა და "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს შორის პირველი პირდაპირი კონტაქტი უკვე შედგა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ეს სატრანსფერო ბრძოლა საკმაოდ რთული იქნება, რადგან კლუბს კონკურენტები მრავლად ჰყავს. როგორც ირკვევა, მილანის "ინტერმა" ოფიციალური შეთავაზება უკვე გაამზადა. დაინტერესებულია "მანჩესტერ იუნაიტედიც".
ახალგაზრდა ნახევარმცველს შვედეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, თუმცა იგი ყურადღებას არა მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლებით, არამედ ლიდერობის უნარითაც იქცევს. ლუკასი საკვანძო ფიგურაა შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებისთვისაც.
"ალსვერსკანსთან" კონტრაქტი ბერგვალს 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.