10 თვის და 1 კვირის წინ
ფილიპსს "ბარსელონაში" უნდა - რა ქმნის პრობლემას
ფილიპსს "ბარსელონაში" უნდა - რა ქმნის პრობლემას

კალვინ ფილიპსისთვის "ბარსელონა" კარიერის გაგრძელების ყველაზე სასურველი ვარიანტია, - იუწყება Sport.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" აქვს ინფორმაცია "მანჩესტერ სიტის" ინგლისელი ნახევარმცველის ხელმისაწვდომობის შესახებ, მაგრამ მისი ახლა დარეგისტრირება შეუძლებელია.

ერთადერთი გზა, რომლითაც "ბარსას" 28 წლის შუახაზელის დამატება შეუძლია, უფასო იჯარაა, კალვინის ხელფასის საკუთარ თავზე აღების პირობით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "სიტი" ასეთ ვარიანტზე არ ფიქრობს.

ფილიპსში დიდი თანხის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე გადახდას ლონდონის "ვესტ ჰემი" გეგმავს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ "ქალაქელებს" თავიანთი შუახაზელის "ჩაქუჩებისთვის" მიყიდვა ერჩივნებათ.

არადა, "ბარსელონაში" ინგლისელი ნახევარმცველის პროფილი ძალიან მოსწონთ და ფიქრობენ, რომ სწორედ კალვინია ის, რაც ახლა გუნდს სჭირდება.

Sport-ს თუ დავუჯერებთ, ფილიპსმა იცის "ბლაუგრანას" მდგომარეობის შესახებ და გადაწყვეტილების მიღების აჭიანურებს. იგი მომდევნო კვირამდე დაიცდის, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე მოცდას არ გარისკავს, რადგან მისთვის მთავარია, რომ ევრო 2024-ს სათამაშო პრაქტიკით შეხვდეს, "სიტიში" დარჩენა კი ამ შანსს წაართმევს.

28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი "ქალაქელებმა" 2022 წლის ზაფხულში შეიძინეს და "ლიდსს" მასში 49 მილიონი ევრო გადაუხადეს. მიუხედავად დიდი ავანსებისა, იორკშირელმა ახალ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო, მიმდინარე სეზონში კი სულ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


Facebook კომენტარები