"ბარსელონა" ნახევარდაცვის გაძლიერებას კვლავ ცდილობს და ამჯერად არგენტინულ ბაზარს აკვირდება.
ენცო ფერნანდესის მიერ "ბენფიკასა" და არგენტინის ნაკრებში დატრიალებულმა სასწაულებმა ევროპულ კლუბებს "აიძულა", რომ ვერცხლის ქვეყნიდან მომავალ კიდევ ერთ ნიჭიერ შუახაზელს - ალან ვარელას მიაპყრონ ყურადღება.
SPORT-ის ინფორმაციით, მანამ, სანამ ალანი "ბოკა ხუნიორს" შეუერთდებოდა, იგი "ბარსას" ერთ-ერთი საერთაშორისო აკადემიის წევრიც კი გახლდათ.
21 წლის ფეხბურთელი დაცვის ხაზის წინ თამაშობს. მას დაახლოებით ისეთივე ტექნიკა აქვს, როგორიც სერხიო ბუსკეტსს, მიუხედავად სიმაღლეში განსხვავებისა.
ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 20 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვარელას გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევროა.
2022 წელს ალანმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.