გუშინ შედგა ლა ლიგის მე-17 ტურის გამოტოვებული შეხვედრა, რომელშიც "ბარსელონამ" "რეალ ბეტისს" სტუმრად, ანგარიშით 2:1 მოუგო.
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ანგარიში რაფინიას გოლით გახსნეს, რასაც მალე რობერტ ლევანდოვსკის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. ანდალუსიელებს 1 ბურთი ჟიულ კუნდემ ავტოგოლით გააქვითინა, მაგრამ "თეთრ-მწვანეებმა" მეტი ვეღარაფერი გააწყვეს.
მაყურებელი შენიშნავდა, რომ "ბეტისის" წარმომადგენლები რაფინიას გოლის დროს რაღაცას აპროტესტებდნენ. ანდალუსიელთა რწმენით, ფრენკი დე იონგმა დადებული ჯარიმა არასწორი ადგილიდან გაათამაშა და საგოლე შეტევაც წესების დარღვევით წამოიწყო. ამაზე მატჩის მერე მათმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმაც ისაუბრა.
არადა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ დე იონგმა სრულიად ლეგალურად იმოქმედა. ჯარიმა იმ წერტილიდან უნდა გათამაშდეს, სადაც თავდაპირველი კონტაქტი შედგა და არა იქიდან, სადაც ფეხბურთელი წაიქცა. ნიდერლანდელი ნახევარმცველმა ეს წესი სრულყოფილად დაიცვა.