დღეს გამთენიისას ლუის სუარესმა ურუგვაის ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. "ლა სელესტემ" მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში შინ პარაგვაის ვერ მოუგო. შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა.
შეხვედრის დაწყებამდე საგანგებო ცერემონია გაიმართა, რომელიც "ელ პისტოლეროს" მიეძღვნა. "ესტადიო სენტენარიოს" დიდ ეკრანზე გაუშვეს ლუისისთვის ჩაწერილი ვიდეორგოლები. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში თავის უახლოეს მეგობარს ლიონელ მესიმაც მიმართა.
"გამარჯობა, მსუქანა
მინდოდა, რომ მეც ვყოფილიყავი წარმოდგენილი და ვიდეო ჩამეწერა ასეთ მნიშვნელოვან დღეს შენთვის, შენი ოჯახისთვის, ურუგვაელი ხალხისთვის და ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის იმ ყველაფრის გამო, რაც შენი ნაკრებისა და ქვეყნისთვის გაგიკეთებია.
მქონდა პატივი, ვყოფილიყავი შენს გვერდით და ისიც ვიცი, რამდენად მძიმეა შენთვის ეს გადაწყვეტილება, რამეთუ შენი ქვეყნის ნაკრებში თამაში შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ ისიამოვნებ იმ ცერემონიით, რომელსაც შენ გიძღვნიან და რომელსაც შენ იმსახურებ ყველაფერი იმის გამო, რაც ზემოთ ვახსენე," - უთხხრა ლეომ სუარესს.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ფორვარდი ურუგვაის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 143 მატჩში ლუისმა 69 გოლი გაიტანა.