1 წლის და 2 თვის წინ
11-დან 9 ცნობილია - ჩავის 2 დილემა "მანჩესტერთან" მატჩისთვის
11-დან 9 ცნობილია - ჩავის 2 დილემა "მანჩესტერთან" მატჩისთვის

როგორც მოგეხსენებათ, ხუთშაბათს "ბარსელონას" ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ელოდება "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.

შეხვედრამდე 2 დღეზე მეტია დარჩენილი, თუმცა "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს სასტარტო თერთმეტეული თითქმის უკვე შერჩეული აქვს.

SPORT-ის ინფორმაციით, "მაესტრომ" უკვე შეარჩია 9 ფეხბურთელი, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" პირველივე წუთებიდანვე ითამაშებს. გამოცემა არ აკონკრეტებს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ისინი ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, ლევანდოვსკი და რაფინია უნდა იყვნენ.

რაც შეეხება დანარჩენ 2 ადგილს, იქ ჩავის არჩევანი ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს.

მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშის შანსი აქვთ ალეხანდრო ბალდეს, ჟორდი ალბასა და მარკოს ალონსოს. მეორე დილემა კი იმაში მდგომარეობს, სასტარტოში სერხი რობერტოს ვიხილავთ თუ ფერან ტორესს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ჩავი 4-ნახევარმცველიანი ტაქტიკით გადაწყვეტს თამაშს თუ 3 ფორვარდით შეუტევს.

შეგახსენებთ, რომ "კამპ ნოუზე" გუნდებმა ფრე დააფიქსირეს, ანგარიშით 2:2. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბარსას" საპასუხო ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები